“მე რუსთაველის პერსონაჟი ვარ”

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მუდამ ზრუნავს და ცდილობს დააინტერესოს და ჩართოს ახალი თაობა მეცნიერების შესწავლაში. სწორად ამიტომ, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს ვთავაზობთ საგანგებო საგანმანათლებლო პროგრამას.

პროექტი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას:

გამოფენა – საგანგებოდ პროექტის ფარგლებში გამოიფინება იმერეთის მეფე სოლომონ I-ის კუთვნილი ე. წ. „წერეთლისეული“ „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერი. ხელნაწერი გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ უაღრესად საინტერესოა მისი შექმნის, მოგზაურობისა თუ არაერთი განსაცდელიდან დახსნის ისტორია. ექსპოზიციას შეავსებს საინფორმაციო ბანერები თემებით: „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ხელნაწერები. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაცია თემაზე: „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები”, რომელიც ვიზიტორებს ამ პოემის ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერების შესახებ მოუთხრობს და წარუდგენს უნიკალურ ფოტოებს. გამორჩეული იქნება საუბარი პოემის პერსონაჟებზე, ილუსტრაციებში მათი გამოსახვის ისტორიებსა და ეპოქაზე, რომელმაც შექმნა ეს პოემა და მისი პერსონაჟები.

საგანმანათლებლო აქტივობები:

ჩემი „ვეფხისტყაოსნის“ ფერები (სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის) – აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გააფერადონ უნიკალური წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნის“ რეპროდუქციები. ეს გამორჩეული ფერადოვნებით შესრულებული ხელნაწერი პატარებს შთააგონებს, იყვნენ თავისუფალნი ფერებთან მიმართებით, რადგან ხელნაწერის მომხატველს მისი გვერდები შეუმკია ვარდისფერი მთებით, ცისფერი მდელოებით, მწვანე კლდეებით და სხვა ათასი ფერით. აქტივობა, ერთი მხრივ, პატარებს ესთეტიკურ უნარებს გამოუმუშავებს, მეორე მხრივ კი, ასწავლის ფერისადმი თავისუფალ მიდგომას.

მე რუსთაველის პერსონაჟი ვარ (სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისა და განსხვავებული ჯგუფებისათვის) – აქტივობა გულისხმობს შემდეგს: ექსპოზიციის ნახვითა და საგანგებო საუბრით შთაგონებული მოსწავლეები შეარჩევენ პოემიდან მათთვის საინტერესო პერსონაჟს. ამის შემდეგ, მოდერატორის დახმარებით, მცირე ჯგუფებად დაიყოფიან. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, მცირე ესეს სახით თავი წამოგვიდგინონ რუსთაველის პოემის რომელიმე გმირად. აქტივობას კონკურსის სახე აქვს და პროექტის დასასრულს კომისია გამოავლენს საუკეთესო ჯგუფების სამეულს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან საგანგებო სიგელებითა და საჩუქრებით.

ფოტოკონკურსი „მე რუსთაველის პერსონაჟი ვარ“ – ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გააცოცხლონ „ვეფხისტყაოსნის“ უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული ილუსტრაცია, სადაც რუსთაველი მეფე თამარს „ვეფხისტყაოსანს“ მიართმევს. საგანგებოდ მომზადებული რეკვიზიტების მეშვეობით ეს სიუჟეტი გაცოცხლდება ახალგაზრდების მონაწილეობით ფოტოკადრებში. ფოტოსესიას ასევე კონკურსის სახე აქვს: ფოტოს გადაღების შემდეგ კონკურსში ჩართვის მსურველი ახალგაზრდები ატვირთავენ ფოტოს სოციალურ ქსელ facebook-ზე ჰეშთეგით #მერუსთაველისპერსონაჟივარ და მონიშნავენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.

პროექტის ბოლოს გამოვლინდება საუკეთესო ფოტოების სამეული: 3 ავტორი და 3 პერსონაჟთა წყვილი.

გამარჯვებულებს ასევე გადაეცემათ სიგელები და საგანგებო საჩუქრები.

დამატებითი ინფორმაცია:

პროგრამის ხანგრძლივობა ჯგუფისთვის:

გამოფენა და პრეზენტაცია: 20 წუთი;

საგანმანათლებლო აქტივობა: 30 წუთი;

ფოტოსესია: 10 წუთი.

ჯგუფების მიღება ხდება: 12:00, 14:00 და 16:00 საათზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

E-mail: nestan.bagauri@manuscript.ac.ge;

exb.edu@manuscript.ac.ge.

ტელ.: 599 899 695

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია ჯგუფების წინასწარი რეგისტრაცია.