„წიგნების წარდგენა”

2017 წლის 28 დეკემბერს, 17:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა 2017 წელს გამოცემული ცენტრის წიგნების პრეზეტაცია. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებისათვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენა სამეცნიერო გამოცემების სახით. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსების დღიდან მუშაობს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით. ისეთი, როგორიცაა, უძველესი ხელნაწერების ტექსტის გამოცემა, ასევე ცენტრში დაცული სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის პირადი არქივების აღწერა, ისტორიული დოკუმენტების შესწავლა, უძველეს ხელნაწერებში წარმოდგენილი მინიატურების კვლევა, მათი მხატვრული კუთხით შესწავლა და ა.შ. ამ კვლევათა შედეგია გამოცემული წიგნები, რომლებიც მეცნიერებს დახმარებას გაუწევს სამომავლო კვლევებში. მაღალ სამეცნიერო დონეზე შესრულებული პუბლიკაციები დასტურია იმისა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო დაწესებულებაა ქვეყანაში, რომელიც მუდმივად ზრუნავს ჰუმანიტარული სამეცნიერო სფეროს განვითარებაზე. ღონისძიებაზე 13 სამეცნიერო და ასევე 4 სამეცნიერო-პოპულარული წიგნი იყო წარმოდგენილი. გამოცემები ავტორებმა წარადგინეს და წიგნის შინაარსსა და მნიშნველობაზე ისაუბრეს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას თანადგომისთვის.