წიგნის მოვლის კულტურა

29 მაისს, 14:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საგარეჯოს №1 საჯარო სკოლაში გამართა პროექტის „წიგნის მოვლის კულტურა“ პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებდა საგანმანათლებლო ღონისძიებების ციკლს სკოლის მოსწავლეთათვის. პროექტს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლები ახორციელებენ. პროგრამის მიზანია, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაცემის საფუძველზე ბავშვებს გამოუმუშავდეთ წიგნის მოვლის უნარ-ჩვევები, აგრეთვე ჩამოუყალიბდეთ და აუმაღლდეთ წიგნთან სწორად მოპყრობის კულტურა. სკოლის მოსწავლეებმა თავისი ხელით აღადგინეს ქაღალდის სტრუქტურა, ასევე წიგნად აკინძეს რესტავრირებული ფურცლები. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა აგრეთვე იხილეს ფილმი, რომელშიც აღწერილი იყო თუ რა ეტაპებია საჭირო იმისათვის, რომ ხელნაწერი დამზადდეს. ტყავის დამუშავება, დაჭრა, მინიატურების კონტურების მომზადება, ტექსტის განაწილება და ა.შ.