თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი როგორც საისტორიო წყარო

31 მაისს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი როგორც საისტორიო წყარო” პირველი წლის I კვარტლის შედეგების პრეზენტაცია. პრეზენტაციას უძღვებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი თაზო გოგოლაძე. აღნიშნული პროექტის მიზანია თავი მოუყაროს ამ მეტად მნიშვნელოვანი ხეობის წარწერებს, მათი გარკვეული ნაწილი შესწავლილ იქნეს ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, რაც გახდება მაღალი სამეცნიერო აპარატით გამართული კორპუსის საწინდარი. პროექტის პირველ კვარტალში დამუშავდა ქართული და უცხოური სამეცნიერო ლიტერატურა თორის ხეობის ეპიგრაფიკული ძეგლების შესახებ. უფრო კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში -ქართველოლოგიურ განყოფილოებაში დადგინდა ქართული და უცხოური პერიოდული ჟურნალ-გაზეთების, მონოგრაფიების ნუსხა, მოხდა ჩვენთვის საინტერესო ინფორმაწიის ამოწერა ელეტრონული სახით თორის ხეობის ისტორიული წარწერების შესახებ, რაც საწინდარი იქნება მომავალი ორი კვარტლის განმავლობაში დაგეგმილი ექსპედიციებისა (გუჯარეთის, სადგერის, ბორჯომის ხეობები) თუ მივლინებების (აკად. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი) წარმატებით და ეფექტურად განხორციელებისათვის. აღნიშნული პრეზენტაციის საშუალებით თორის ხეობის წარწერების შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურა ფართოდ გახდება ცნობილი ფართო სამეცნიერო წრეებისათვის