საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები

2017 წლის 26 მაისს, 11:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ორგანიზებით გაიხსნა ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“. ღონისძიების მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოსა და ევროპას მჭიდრო კავშირი ქონდა. ამის უტყუარი და საუკეთესო დასტური კი სწორედ ხელნაწერი მემკვიდრეობაა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იყრის თავს. საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ერთ-ერთ მონაკვეთს, ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სხვა ხალხებთან, ქართული კულტურა არასდროს ყოფილა იზოლირებული და ჩაკეტილი. საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე დასავლეთისკენ ისწრაფოდა, რაც გამოიხატებოდა როგორც მათ საზოგადოებრივ წყობაში – ფეოდალიზმში, ასევე იმ ინტერესში, რასაც ქართველი ხალხი ევროპული მიღწევებისა და ევროპული ნააზრევის მიმართ იჩენდა. ევროპელი მოგზაურების მიერ დატოვებული საქართველოსა და ქართველების მრავალრიცხოვანი აღწერილობებიც ამის დასტურია. წერილები, ჩანაწერები, ფოტოები, ხელნაწერები ეს არის ქართველი ხალხის ევროპასთან ურთიერთობის ამსახველი წერილობითი ძეგლები, სწორედ ამ მასალის ფოტოასლები არის წარმოდგენილი გამოფენაზე. ასევე ვიზიტორებისთვის ლექცია წაიკითხა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენებისა და განათლების სამსახურის ხელმძღვანელმა ნესტან ბაგაურმა. აღსანიშნავია, რომ გამოფენა 30 მარტს თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიხსნა. 3 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით გამოფენას უფლისციხე მასპინძლობდა. 20 აპრილიდან 30 აპრილამდე ბორჯომი, ხოლო 1 მაისიდან 15 მაისამდე ოზურგეთი. გარდა ამისა გამოფენა კიდევ რამდენიმე ქალაქს მოივლის: ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, მესტია. გამოფენების მთელი ციკლი ეძღვნება საქართველოს მიერ ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის უმნიშვნელოვანეს მოვლენას. გამოფენა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში 4 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.