„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები” ქუთაისში

6 ივნისს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ქუთაისის მერიისა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით გაიხსნა ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები”. გამოფენა გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქალაქ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, რომელმაც გამოფენის მნიშვნელობასა და ევროპასთან ურთიერთობებზე ისაუბრა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ერთ-ერთ მონაკვეთს, ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სხვა ხალხებთან, ქართული კულტურა არასდროს ყოფილა იზოლირებული და ჩაკეტილი. საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე დასავლეთისკენ ისწრაფოდა, რაც გამოიხატებოდა როგორც მათ საზოგადოებრივ წყობაში – ფეოდალიზმში, ასევე იმ ინტერესში, რასაც ქართველი ხალხი ევროპული მიღწევებისა და ევროპული ნააზრევის მიმართ იჩენდა. ევროპელი მოგზაურების მიერ დატოვებული საქართველოსა და ქართველების მრავალრიცხოვანი აღწერილობებიც ამის დასტურია.