ჟურნალ „Oriens Christianus“ – ისა და კრებულ “Philokappadox”-ის პრეზენტაცია

1 ივნისს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ორი გამოცემის ჟურნალ „Oriens Christianus“ – ისა და კრებულ “Philokappadox”-ის პრეზენტაცია. 1901 წელს გერმანელი აღმოსავლეთმცოდნისა და ლიტურგიის სპეციალისტის ანტონ ბაუმშტარკის თაოსნობით დაარსდა ჟურნალი Oriens Christianus ქრისტიანული აღმოსავლეთის საკვლევად. მასში ქვეყნდება სტატიები აღმოსავლეთის ქრისტიანული ქვეყნების სულიერი და მატერიალრი კულტურის შესახებ ძირითადად გერმანულ ენაზე, მაგრამ ასევე სხვა ევროპულ ენებზეც. Oriens Christianus – ის გამომცემელი წლების მანძილზე იყო ცნობილი გერმანელი მეცნიერი და ხელნაწერთა ინსტიტუტის დიდი მეგობარი იულიუს ასფალგი, ამჟამად მის გამოცემას ხელმძღვანელობს პროფ. ჰუბერტ კაუფჰოლდი. მისი დამსახურება ამ სფეროში ძალიან დიდია. Oriens Christianus -ში სისტემატურად ქვეყნდება ქართველი მეცნიერების სტატიები და ცნობები საქართველოში გამოცემული წიგნების შესახებ. ერთ-ერთ ბოლო ნომერში დაიბეჭდა მისი ვრცელი წერილი „ქართველოლოგიური კვლევის ისტორია გერმანიაში“. ჟურნალის ბოლო N 99 ნომერში დაიბეჭდა კაუფჰოლდის მოკლე რეცენზიები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოცემებზე: „ქართული ხელნაწერი წიგნი“,“ თარიღიანი ქართული ხელნაწერები“,“ ქართული ხელნაწერების ჭედური ყდები“,“ ძველი აღთქმის მინიატურები ქართულ ხელნაწერებში“,“ ქართული კალიგრაფია“, მ. თარხნიშვილის ქართული ეკლესიის ისტორია, რეცენზია პ. ბუკოვეცის მიერ გამოცემულ წიგნზე „ქრისტიანული აღმოსავლეთი – პორტრეტები“, რომელშიც ერთ-ერთი სტატია მ. თარხნიშვილს ეძღვნება. Oriens Christianus-ის ამავე ნომერში გამოქვეყნდა დავით შენგელიას, ნუგზარ პაპუაშვილის, თამარ ოთხმეზურისა და თამარ ჭუმბურიძის სტატიები. კრებული “Philokappadox” ეძღვნება ცნობილ ბელგიელ ბიზანტინისტსა და ორიენტალისტს, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორს, ჟუსტინ მოსეს. მასში თავმოყრილია სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართა სტატიები, რომლებშიც წარმოდგენილია ადრექრისტიანული სასულიერო მწერლობის ცნობილი წარმომადგენლის, კაპადოკიელი წმ. მამის, გრიგოლ ღვთისმეტყველის ლიტერატურული მემკვიდრეობის კვლევასთან დაკავშირებული პრობლემატიკა. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები ჰქონდა ლუვენის ორიენტალისტიკის სკოლასთან. 1990-2005 წლებში ცენტრის მკვლევრები ბელგიელ მეცნიერებთან ერთად ჩართულები იყვნენ საერთაშორისო პროექტში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფ. მოსე. პროექტის მიზანი იყო გრიგოლ ღვთისმეტყველის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლა და გამოცემა. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოსა თუ უცხოეთში გამოქვეყნდა ქართველ მეცნიერთა არაერთი საყურადღებო ნაშრომი. კრებულში “Philokappadox” ექვსი ქართველი მკვლევრის – მაია რაფავას, ნინო მელიქიშვილის, ქეთევან ბეზარაშვილის, მაია მაჭავარიანის, მაგდა მჭედლიძისა და თამარ ოთხმეზურის – სტატიებია წარმოდგენილი. ისინი ეძღვნება გრიგოლ ღვთისმეტყველის ქართული თარგმანების კვლევასა და მის გავლენას შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაზე.