მემორანდუმის გაფორმება

უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტ ანტონის მიწვევით ა.წ. 8-12 ნოემბერს კიევში იმყოფებოდნენ ხელნაწერთა ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე და დირექტორის თანაშემწე თამარ მჭედლიძე. ცენტრის თანამშრომლები დაესწრნენ საზეიმო საღვთო ლიტურგიას, რომელიც გაიმართა კიევო-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარში და შემდეგ სასულიერო აკადემიის მთავარ წლიურ, საანგარიშო ღონისძიებას – სააქტო დღეს. სააქტო დღეს დაესწრო კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, უნეტარესი ონოფრე და უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის სინოდის თითქმის მთელი შემადგენლობა. საზეიმო სხდომაზე აღინიშნა, რომ კიევის სასულიერო აკადემიის სააქტო დღე ყოველთვის ემთხვევა კიევის სასულიერო აკადემიის იმ კურსდამთავრებულთა ხსენებას, რომლებიც წმინდანებად არიან შერაცხულნი. მათ შორის არიან აკადემიის ქართველი კურსდამთავრებულნი – წმ. სქემმთავარეპისკოპოსი ანტონი (აბაშიძე), წმ. კათალიკოსი კირიონი ( საძაგლიშვილი), წმ. მოწამე ნაზარი (ლეჟავა) და წმ. კათალიკოსი კალისტრატე (ცინცაძე). საზეიმო სხდომის მონაწილეებმა დიდი პატივისცემით და მოწიწებით მოიხსენიეს აკადემიის კურსდამთავრებულნი, მათ შორის ქართველი მეცნიერი კორნელი კეკელიძე, რომლის სახელსაც ატარებს ხელნაწერთა ცენტრი.
საზეიმო სხდომაზე აკადემიის რექტორმა, მიტროპოლიტმა ანტონიმ და ხელნაწერთა ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს პროფესიული გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და ინფორმაციის ურთიერთგაცვლას საღვთისმეტყველო, ფილოლოგიური და ისტორიული მეცნიერებების სფეროში, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას და, აგრეთვე ერთობლივი სამეცნიერო კრებულების მომზადებასა და გამოცემას.
ხელმოწერის ცერემონიაზე გამოსვლისას მიტროპოლიტმა ანტონიმ და ზაზა აბაშიძემ აღნიშნეს, რომ ასეთი მემორანდუმის არსებობა და მისი ღირებულებების შესრულება, ნამდვილად შეუწყობს ხელს ურთიერთობების გაღრმავებას და განვითარებას უკრაინასა და საქართველოს შორის.
საზეიმო სხდომის შემდეგ გამართულ სადღესასწაულო ტრაპეზზე ქართველ სტუმართა საპატივცემულოდ კიევის სასულიერო აკადემიის გუნდმა შეასრულა „მრავალჟამიერი.“ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ხელნაწერთა ცენტრის დირექტორმა.
კიევო-პეჩერის ლავრაში გამართულ ყველა ღონისძიებას დაესწრო უკრაინაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ბატონი ზურაბ თოფურია.
10 ნოემბერს ზაზა აბაშიძეს შეხვედრა ჰქონდა უკრაინის იაროსლავ ბრძენის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ თამარ ვილიგჟანინასთან. შეხვედრისას თამარ ვილიგჟანინამ და ზაზა აბაშიძემ გამოთქვეს თანამშრომლობის დაწყებისა და განვითარების სურვილი და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებდნენ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ტექსტზე.
11 ნოემბერს ზაზა აბაშიძე და თამარ მჭედლიძე შეხვდნენ საქართველოს ელჩს უკრაინაში ბატონ გელა დუბაძეს, აგრეთვე კიევში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

http://news.church.ua/2017/11/09/zavershilis-urochistosti-z-nagodi-aktovogo-dnya-kijivskix-duxovnix-shkil/#jp-carousel-171900