საგანმანათლებლო-შემეცნებითი დისკუსია ახალგაზრდებისათვის

24 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში (ვარიანი) წარმოადგინა საგანმანათლებლო-შემეცნებითი დისკუსია ახალგაზრდებისათვის თემაზე „იაკობ გოგებაშვილი, სამოციანელები და გერმანული კულტურა“. პროექტი განხორციელდა ვარიანში იაკობ გოგებაშივლის სახლ-მუზეუმთან თანამშრომლობით. დისკუსიაში ჩართულები იყვნენ სოფ. ვარიანის საჯარო სკოლის უფროსკლასელები და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები. დისკუსიას უძღვებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლებისა და გამოფენების მიმართულების ხელმძღვანელი, ნესტან ბაგაური. შეხვედრაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სტაჟიორმა, ახალგაზრდა ხელოვნებათმცოდნემ, თათია ბარბაქაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „გერმანელები თბილისში“. გერმანელ მწერალზე, პუბლიცისტსა და მთარგმნელზე, არტურ ლაისტზე და, ზოგადად, გერმანული საგანმანათლებლო სისტემის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქალბატონმა ლელა მახვილაძემ. დისკუსია გაიშალა თემებზე: ილიას და იაკობის დამოკიდებულება გერმანული საგანმანათლებლო სისტემისადმი, მათი დამოკიდებულება ბერლინისა და გერმანული კულტურის მიმართ, რეალური სასწავლებლის მოდელი, იაკობის „ბუნების კარი“ და გერმანია და სხვ. პროექტი ეძღვნებოდა გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობის საიუბილეო წელს (2017 წელს აღინიშნება ორი მნიშვნელოვანი თარიღი: საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლის 200 წელი, ასევე ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობერბის დამყარების 25 წლის იუბილე).