„კორეული „ლითონის წიგნები’’ და ქართული ხელნაწერები“

31 ოქტომბერს 16:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და საქართველო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიხსნება გამოფენა „კორეული „ლითონის წიგნები’’ და ქართული ხელნაწერები“.
გამოფენის მიზანია საზოგადოებას წარმოვუდგინოთ ამ ორი უძველესი და უდიდესი კულტურის კორეისა და საქართველოს გამორჩეული ნიმუშები, რომლებიც სრულიად განსხვავებული კულტურული ტრადიციის მატარებლები არიან.
ასევე ფართო აუდიტორია გაეცნოს კორეული ლითონის წიგნებისა და ქართული დამწერლობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კორეული ნაბეჭდი წიგნები და შუასაუკუნეების ქართული ხელნაწერები: ბეჭდვის უძველესი ტექნოლოგიის ნიმუშები, VII საუკუნის, პირველი ჩვენამდე სრულად მოღწეული ხელნაწერი – ხანმეტი ლექციონარი, შატბერდის მონასტერში გადაწერილი X საუკუნის ჯრუჭის სახარება, თამარ მეფის კუთვნილი ვანის სახარება და სხვა.
კორეული „ლითონის” წიგნების დოკუმენტირებული ისტორია სათავეს 1377 წლიდან იღებს – გუტენბერგის უმნიშვნელოვანეს გამოგონებამდე 78 წლით ადრე, გორიოს დინასტიის მმართველობის დროს დაიბეჭდა წიგნი, რომელსაც კორეულ ენაზე „ჯიკჯი“ ეწოდა. ეს სახელწოდება აბრევიატურაა, სრული სახელწოდება კი ამგვარად ითარგმნება: „თუ მედიტაციის გზით ადამიანის გულში ჩაიხედავ, მიხვდები, რომ ის ბუდას გულია“. წიგნი კორეული ბუდისტური დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ამონარიდებს ბუდისტი ბერების ნაშრომებიდან. ის ორ ტომად დაიბეჭდა, პირველ ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია, ხოლო მეორე ნაწილი საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია. „ჯიკჯი“ მსოფლიოს უძველესი წიგნია, რომელიც ლითონის ტიპოგრაფიული შრიფტით დაიბეჭდა. 2001 წლის სექტემბერში „ჯიკჯი“ იუნესკომ მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანა, ხოლო 2004 წელს იუნესკოს მიერვე დაწესდა „ჯიკჯის პრიზი“.
ქართულ ხელნაწერ ტრადიციას 16-საუკუნოვანი ისტორია აქვს. ის თავიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული მაშინდელი დასავლური ცივილიზაციის კერებთან, ამ სიახლოვეს განაპირობებდა საქართველოს კულტურული და პოლიტიკური ორიენტაცია. ქართული დამწერლობა გახდა ის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც ეროვნულ იდენტობას განაპირობებდა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მყარ საფუძველს ქმნიდა.
ქართულმა დამწერლობამ თავისი განვითარების მანძილზე სამი საფეხური განვლო: ასომთავრული (V-IX), ნუსხური (IX-XI) და მხედრული (X-XI). ისინი დღესაც თანაარსებობენ.
ქართული დამწერლობის უძველესი დოკუმენტები – პალიმფსესტები (V-VII) სასულიერო შინაარსისაა, მათ მონასტრებში ქმნიდნენ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჟანრობრივად მრავალფეროვანია ქართული საერო მწერლობაც.
2011 და 2013 წლებში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ორი კოლექცია („ბიზანტიური ეპოქის ქართული ხელნაწერები“ და „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები“) შევიდა მსოფლიო მეხსიერების რეესტრში.
აღსაშნიშნავია, რომ 1 ნოემბერს 16:00 საათზე ჩატარდება იონგჰო მუნისა და ჰვანგ სუნმის ლექცია თემაზე „ მსოფლიო მეხსიერების რეესტრი და კორეული ნაბეჭდი წიგნი“.
გამოფენას გახსნიან კორეის რესპიბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰანი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე. გამოფენას ასევე დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმოადგენლები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
გამოფენა გაიხსნება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ლ. გუდიაშვილის №7, III კორპუსი. ) და 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.