საქართველო – ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი

25 სექტემბერს 10:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო – ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“. კონფერენციის მიზანია მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში საქართველოს კულტურული და ისტორიული გამოცდილების სწორად წარმოჩენა, რათა სწორად განისაზღვროს თანამედროვე ევროპულ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ადგილი. საქართველოს, როგორც ზოგადი ქრისტიანული სამყაროს უმნიშვნელოვანეს და უძველეს ნაწილს, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქრისტიანული ლიტერატურის, ფილოსოფიისა და ხელოვნების განვითარებაში. შესაბამისად ქართული კულტურა მონაწილეა დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე კულტურული პროცესებისა. კონფერენცია მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს: ფილოლოგიას, ისტორიას, ღვთისმეტყველებას და ხელოვნებათმცოდნეობას. კონფერენციაზე საუბარი იქნება ქართული და ბიზანტიური ხელოვნების, ლიტერატურის, სამწიგნობრო კერების , არქეოლოგიისა და სხვა საკითხების შესახებ. კონფერენციაში 80-ამდე მეცნიერი იღებს მონაწილეობას ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა: ა.შ.შ, ბრიტანეთი, იაპონია, ჩეხეთი, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, რუსეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი და გერმანია. უცხოელი მეცნიერების ყველა მოხსენება ეხება ქართული ლიტერატურული თუ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას ზოგად ქრისტიანული კულტურის განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში 26 სექტემბერს გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ორიგინალი ხელნაწერები: ალავერდის სახარება, ვანის სახარება და სხვა ხელნაწერები, რომლებიც საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობებს ასახავს.