„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“

2017 წლის 20 აპრილს 14:00 საათზე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ბორჯომში გაიხსნა გამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“.
ღონისძიების მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოსა და ევროპას მჭიდრო კავშირი ქონდა. ამის უტყუარი და საუკეთესო დასტური კი სწორედ ხელნაწერი მემკვიდრეობაა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იყრის თავს.
წერილები, ჩანაწერები, ფოტოები, ხელნაწერები ეს არის ქართველი ხალხის ევროპასთან ურთიერთობის ამსახველი წერილობითი ძეგლები, სწორედ ეს მასალა არის წარმოდგენილი გამოფენაზე ფოტოების სახით.
აღსაღნიშნავია, რომ გამოფენა 30 მარტს თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიხსნა. 3 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით გამოფენას უფლისციხე მასპინძლობდა. გარდა ამისა გამოფენა კიდევ რამდენიმე ქალაქს მოივლის: ქუთაისი, ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, მესტია. გამოფენების მთელი ციკლი ეძღვნება საქართველოს მიერ ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის უმნიშვნელოვანეს მოვლენას.
თითოეულ აღნიშნულ ქალაქში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სალექციო შეხვედრას. ლექციას გაუძღვებიან ცენტრის მეცნიერი თანამშრომლები. ასევე სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მომზადებულია პოსტსაექსკურსიო საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც პედაგოგებს საშუალებას მისცემს გამოფენაზე ვიზიტის შემდეგ კლასში დაგეგმონ ჯგუფური აქტივობები: 1. ჯგუფური სამუშაო გამოფენაზე წარმოდგენილი თემატიკის მიხედვით საგანგებო კითხვარის მეშვეობით; 2. გააფერადე „ვეფხისტყაოსნის“ მიხაი ზიჩისეული ილუსტრაციები. ასევე, პროექტის საგანმანათლებლო სივრცისათვის საჭიროებსათან დაკავშირებით ყველა რეგიონულ გამოფენაზე საგანგებო კონსულტაციები გაიმართება ექსპოზიციაზე მისულ ჰუმანიტარული მიმართულების პედაგოგებთან.
ღონისძიება ქ. ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში 30 აპრილამდე გაგრძელდება.