ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ფოთში

24 სექტემბერს ქალაქ ფოთში ჩატარდა ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 173 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელშიც ხელნაწერთა ცენტრმაც მიიღო მონაწილეობა. მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენლი იყო ხელნაწერთა ცენტრში დაცული ნიკო ნიკოლაძის საარქივო მასალის ფოტოები. პირადი და საზოგადო მოღვაწეობის ამსახველი წერილები, რუსული ცენზურისა და ჟანდარმერიის მიერ ნიკოლაძეზე თვალთვალის დადგენილებები, ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის წევრების ფოტოები… ცენტრში დაცული რამდენიმე ათეული საარქივო დოკუმენტი გამორჩეულ შტრიხებს სძენს ნიკო ნიკოლაძის პიროვნებას. თვრამეტი წელი იყო ნიკო ნიკოლაძე ფოთის ქალაქისთავი (1894-1912 წწ.). მთელი ცოდნა, ენერგია, მონდომება და კონტაქტუნარიანობა ფოთის ამოქმედებას მოახმარა. ნიკოლაძემ ორჯერ იმოგზაურა ევროპაში, გაეცნო საუკეთესო პორტების პროექტებს, სამშენებლო ტექნიკას. რვაჯერ წავიდა პეტრეს ქალაქში, რათა დაერწმუნებინა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება, პორტის მშენებლობისათვის სესხის გაცემაში. ფოთის ნავსადგურის მშენებლობაში პირველად გამოიყენეს ბეტონი, რათა წყალს არ გაერღვია დამცავი ჯებირი. შედეგად ფოთი იქცა მოკირწლულქუჩებიან, ქვითკირისსახლებიან, ხიდებით დამშვენებულ ევროპულ ქალაქად. გამოფენა სიმბოლურად მოეწყო შუქურაზე, რომელიც ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. 1862 წელს ჩამოსხმულ იქნა ნაწილ- ნაწილ ინგლისში, 1864 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და დღემდე ფუნქციონირებს. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ფოთის მერიის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა. ხელნაწერთა ცენტრს მათთან მჭირდო კავშირი აქვს ხშირად ხორციელდება საერთო პროექტები და სამომავლოდაც იგეგმება მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარება. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია – Municipality of Poti City