“ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივებიდან“

21 დეკემბერს, კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მწერალთა სახლში სამი ქართველი მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას საარქივო მასალის გამოფენა “ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივებიდან“ გახსნა.

გამოფენის სპონსორები არიან მეღვინეობა ხარება და ტრადიციული ქართული ტკბილეულის კომპანია ბადაგი.

ამ სამი დიდი პიროვნების ღვაწლი ქართული აზროვნების, ლიტერატურისა თუ ისტორიის განვითარებაში უდიდესია. 2015 წელს კი 200 წელი გავიდა დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალებიდან, 100 წელი აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან (იუნესკომ 2015 წელი აკაკის საიუბილეო წლად გამოაცხადა) და ასევე, 100 წელი შესრულდა ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან. ვინაიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება მათი პირადი არქივები, ცენტრმა ამ თარიღების აღსანიშნავად მოამზადა სამი საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი: „დიმიტრი ყიფიანი – მადლის მქმნელი“, „ვაჟა-ფშაველა“ და „აკაკი წერეთელი – ბედნიერი ნიჭის შემოქმედი“. სწორედ ამ სამი პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას წარმოადგენს გამოფენა „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივებიდან“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამი დიდი მოღვაწის პირადი წერილები, მეგობრული თუ სამუშაო მიმოწერა, სასიყვარულო ბარათები, ცნობილი შედევრების შავი ვერსიები, ფოტოები, უბის წიგნაკები და ანგარიშები…
პირადი არქივებიდან კარგად ჩანს, როგორ იქმნებოდა ცნობილი შედევრები, რა გზა გაიარა შემოქმედებითმა პროცესმა, რამდენი ვერსია გადახაზა ავტორმა, სანამ ნაწარმოები წიგნის ფურცლებზე აისახებოდა და საზოგადოების კუთვნილება გახდებოდა; ავტორების ახლობლებისადმი დამოკიდებულება, როგორი მშობელი, მეუღლე, კოლეგა თუ მეგობარი იყო და მათი ცხოვრების სრულიად უცნობი დეტალები: საყვარელი საჭმელი, მაღაზიის დანახარჯების ჩანაწერები, გემოვნება, თვითშეფასება, არასაზოგადოებრივი საქმიანობა და წერის მანერა პირად მიმოწერაში.

ექსპოზიციის მიზანია, დიმიტრი ყიფიანის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას შესახებ საზოგადოებას გააცნოს ის, რაც დიდხანს დარჩება ცნობიერებაში და საფიქრალს დაუტოვებს, სხვა მხრიდან დაანახვებს ამ ერთგვარად დისტანცირებულ, იდეალურ საზოგადო მოღვაწეებს.