ქართველოლოგიური სეზონური (ზამთრის) სკოლა

კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს მიღებას ქართველოლოგიის სეზონურ სკოლაში „ქართული ხელნაწერი“, რომელიც შედგება 2015 წლის 11-19 დეკემბერს. საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის.

სკოლის მიზანია საქართველოს რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტების (მაგისტრანტები, დოქტორანტები) და ახალგაზრდა მეცნიერების (მაგისტრები და დოქტორები) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წახალისება მეცნიერებათა იმ დარგებში, რომელიც შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს.

სკოლის აკადემიური პროგრამა საკმაოდ დატვირთულია და მოიცავს 20-ზე მეტ ლექციას, ვორქშოფებს, ინტერაქტიულ პროგრამებს, დისკუსიებს მრგვალი მაგიდის ფორმატში. სკოლის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს ექსკურსიებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მემორიალურ და იშვიათ გამოცემათა კაბინეტებში, ლაბორატორიებში, საცავებში, სადაც მსმენელებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა დაათვალიერონ ცენტრში დაცული ხელნაწერების ძვირფასი კოლექციები. სასწავლო კურსს წარუძღვებიან ქართველოლოგიის სფეროში ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები.

ქართველოლოგიის სკოლა ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

სკოლაში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 18 ნოემბერი.