დიმიტრი ყიფიანი – მადლის მქმნელი

10 ნოემბერს, 19:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა № 1 საჯარო სკოლაში გახსნა საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა „დიმიტრი ყიფიანი – მადლის მქმნელი“.

2014 წელს შესრულდა დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წელი. ყიფიანის პირადი საარქივო ფონდი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული, შესაბამისად, დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წლის აღსანიშნავად, ასევე ამ უმნიშვნელოვანესი საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და საქმიანობის პოპულარიზაციისათვის, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა 5 დღიანი საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მოიცავს საჯარო ლექცია დისკუსიებსა და ვიქტორინას მოსწავლეებისათვის.

გამოფენა გახსნეს და დიმიტრი ყიფიანის შესახებ საინტერესო ფაქტებზე ისაუბრეს მისმა შთამომავლებმა ზაზა აბაშიძემ და თამარ მიქაძემ. გამოფენაზე ორიგინალების სახით წარმოდგენილია დიმიტრი ყიფიანის, არჩილ ჯორჯაძის, დუტუ მეგრელისა და სხვ. პირადი საარქივო მასალა (საზოგადო საქმიანობის ამსახველი, პირადი მიმოწერა, ფოტოები, შემოქმედების შავი მასალა); სტუმრებს საშუალება აქვთ ასევე იხილონ კომპიურეტული პროგრამა, რომელიც ასახავს დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობის მრავალმხრივობას.