ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მიმართვა საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებას

ბოლო პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის წარმოიქმნა უთანხმოება რამდენიმე პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. მათგან აღსანიშნავია:
1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამომავლო ადგილსამყოფელი;
2. ცენტრის არაადეკვატურად მცირე ბიუჯეტი და თანამშრომელთა დაბალი ანაზღაურება;
3. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან ლაილაშის ბიბლიის შესაძლო გატანა (ეს უკანასკნელი საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა მხოლოდ მთავრობის საგანგებო განცხადების შემდეგ).
მიუხედავად ჩვენი დიდი მოლოდინისა, რომ ცენტრსა და სამინისტროს შორის წარმოქმნილი პრობლემები მოგვარდებოდა დიალოგისა და ურთიერთშეთანხმების გზით, სამინისტრომ აირჩია არსებული საკითხების გადაწყვეტის ასეთი გზა: გამოაცხადა კონკურსი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხისტი და შეუსაბამო მიდგომა
– ეწინააღმდეგება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი დაწესებულების, საქმიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრინციპს;
– უგულებელყოფს ცენტრის, როგორც სამეცნიერო-კვლევითი  დაწესებულების, ინტერესებს;
– არღვევს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა უფლებას, მონაწილეობა მიიღონ დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.
ვფიქრობთ, არსებული პრობლემების გადაწყვეტის ამგვარი არაადეკვატური მიდგომა საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მინიმალური მხარდაჭერის პირობებში წლების განმავლობაში უმკლავდებოდნენ ცენტრის წინაშე არსებულ გამოწვევებს და სამომავლოდაც ერთსულოვნად გააგრძელებენ ხელნაწერი მემკვიდრეობის ინტერესების დაცვას.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მეცნიერების ხელშეწყობის გაცხადებული პოლიტიკის გათვალისწინებით, შეაფასოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ხელი შეუწყოს ზემოთ აღნიშნული პრობლემების დარეგულირებას და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები ხელნაწერი მემკვიდრეობის წინაშე არსებული გამოწვევების რეალური და ეფექტური  გადაწყვეტისათვის.
ასევე ვთხოვთ სამეცნიერო წრეებს და მთელ ქართველ საზოგადოებას, შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაში მხარში დაგვიდგნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინტერესების დასაცავად.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები
25.04.2015