ტაო-კლარჯეთი. ისტორია და კულტურა (სამეცნიერო-პოპულარული გზამკვლევი ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე)

პროექტის დასახელება: ტაო-კლარჯეთი. ისტორია და კულტურა (სამეცნიერო-პოპულარული გზამკვლევი  ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე)

დარგი და მიმართულება: ქართველოლოგია, ისტორია.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: გოჩა საითიძე

პროექტის შემსრულებლები: გოჩა საითიძე, ბუბა კუდავა, ნათია ხიზანიშვილი, ნიკოლოზ ჟღენტი, ზურაბ ბატიაშვილი , გიორგი გაგოშიძე, გიორგი ჭეიშვილი , ნათია ფონიავა, ირინე გივიაშვილი,ნანა ბურჭულაძე, როზეტა გუჯეჯიანი, ირმა ბერიძე.

გარდამავალი (მრავალწლიანი) პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები:  ტაო-კლარჯეთის რეგიონის მიმართ გაზრდილი ინტერესის შესაბამისად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება სამეცნიერო კვლევები რეგიონის ისტორიის, ძეგლების, მოსახლეობის შესახებ. რეგიონის კვლევა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ახალმა მოცემულობამ და თანამედროვე რეალობამ კი, თავის მხრივ, დღის წესრიგში დააყენა ისტორიული ტაო-კლარჯეთის კომპლექსური და ინტერდისციპლინური კვლევა, დაგროვილი ცოდნის სისტემატიზება, რეგიონით დაინტერესებულ ქართველ თუ უცხოელ მკვლევართა მეტი კოორდინირება, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა და მართვა, განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლთა გადაუდებელი რესტავრაცია, საზოგადოების ფართო წრეებში ტაო-კლარჯეთის ძეგლთა მეტი პოპულარიზება და სხვ.

უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე არ არსებობს ერთიანი, კომპლექსური ნარკვევი რეგიონის შესახებ. არადა, დაგროვილი სამეცნიერო ცოდნა და გამოცდილება უკვე იძლევა ამგვარი გამოცემის მომზადების შესაძლებლობას.

პროექტის მიზანია გამოსცეს ერთიანად გააზრებული და განხილული სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევი ტაო-კლარჯეთის რეგიონის შესახებ უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე. გამოცემა დაიბეჭდება სამ – ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენაზე.

ნაშრომში მიმოხილული იქნება შემდეგი საკითხები: პოლიტიკური ისტორია, ისტორიული გეოგრაფია, სოციალ-ეკონომიკური ვითარება, გეოგრაფია, დემოგრაფია, ეთნოლოგია (ზეპირსიტყვიერება, ხალხური არქიტექტურა, ყოფა-ცხოვრება, რწმენა-წარმოდგენები…), არქეოლოგია, ტოპონიმიკა, დიალექტები, კულტურა (ხუროთმოძღვრება, მონუმენტური ფერწერა, ეპიგრაფიკა, ხელნაწერი მემკვიდრეობა, ჭედურობა…).

მომავალი ნაშრომის თითოეულ თავს დაწერს შესაბამისი დარგის მკვლევარი, რომლებიც სხვადასხვა პერიოდულობით იქნებიან ჩართულნი პროექტში.

აუცილებელია, რომ ნაშრომი იყოს უხვად ილუსტრირებული და გამოცემული მაღალპოლიგრაფიულ დონეზე. გამოყენებული იქნება როგორც სიძველეთსაცავებში, გამოცემულ ლიტერატურასა თუ კოლეგების ხელთ არსებული ხელმისაწვდომი საილუსტრაციო მასალები (ფოტოები, გეგმები, ნახაზები, ჩანახატები, რუკები; ხელნაწერების, მინიატურების, ჯვარ-ხატების ფოტოასლები…), ისე პროექტის მონაწილეთა მიერ წლების მანძილზე ტაო-კლარჯეთში მოწყობილი სამეცნიერო ექსპედიციებისას გადაღებული ფოტომასალა.

ნაშრომს დაერთვის სხვადასხვა სახის საცნობარო მასალა: ქრონოლოგიური ცხრილები, გენეალოგიური ტაბულები, განმარტებითი ლექსიკონები; პირთა, გეოგრაფიულ სახელთა და თემატურ ტერმინთა საძიებლები.

2015 წელს შესრულდა შემდეგი სამეცნიერო სამუშაოები: შემუშავდა გამოცემის სტრუქტურა; შედგა ქართულენოვანი, თურქულენოვანი, ევროპული და რუსულენოვანი წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია; დაიწერა შემდეგი თავები: ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი; ტაო-კლარჯეთის ეპიგრაფიკა; ტაო-კლარჯეთში გადაწერილი და დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის აღწერილობა; IV-VIII სს-ის პოლიტიკური ისტორია; ტაო-კლარჯეთის სოციალურ-ეკონომიკური ისტორია (საქალაქო ცხოვრება, ვაჭრობა და ხელოსნობა, სოფლის მეურნეობა, სოციალური კატეგორიები, საგადასახადო სისტემა).