ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა ეგვიპტეში

2014 წლის 21-დან 27 დეკემბრის ჩათვლით, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, მამლუქ ამირ ალ–ტაზის ისტორიულ სასახლეში (Amir Taz Palace) ქართული დამწერლობის ნიმუშების, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართული და არაბული ხელნაწერების თემატური ბანერების გამოფენა გაიმართა. ასევე, ცენტრის ხელნაწერი კოლექციების გვერდით გამოიფინა ოთხი ახალგაზრდა კალიგრაფის: დავით მაისურაძის, გიორგი სისაურის, ოთარ მჭედლიშვილისა და ალექსანდრე მამუკაშვილის კალიგრაფიული ნამუშევრები.

პროექტის მიზანია ქართულ-ეგვიპტური ურთიერთობების განვითარება, ეგვიპელებისთვის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართული და უცხოური (არაბული) ხელნაწერი მემკვიდრეობისა და ქართული დამწერლობის პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე.

ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, კაიროში საქართველოს საელჩოსა და ეგვიპტის კულტურის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა.

გამოფენა გახსნეს ეგვიპტის კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საკითხებში, ასევე, ეგვიპტის კულტურის სამინისტროს კულტურული განვითარების ფონდის დირექტორმა, კაიროში საქართველოს ელჩმა, არჩილ ძულიაშვილმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ.

ექსპოზიციის მეორე ეტაპი ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში გაიმართება.