კონკურსის ‘’ქართული კალიგრაფია“ გამოცხადება (2014)

2014 წლის 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა სამინისტროს მხარდაჭერით მეხუთედ გამოაცხადა კალიგრაფიის კონკურსი სახელწოდებით: „ქართული კალიგრაფია“. შესარჩევი ტური ჩატარდება 28 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით.

პროექტის მიზანია საქართველოში ხელნაწერი წიგნის შექმნის კულტურის აღორძინება, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობის და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

ქართულ კალიგრაფიულ სკოლას საუკუნეების ტრადიცია აქვს. ხელით გადაწერილი წიგნი ადრეულ საუკუნეებშივე იქცა კულტურულ და ეროვნულ ფენომენად. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სამწიგნობრო კერებში საუკუნეთა განმავლობაში ინტენსიურად იქმნებოდა ქართული წიგნი. მონასტრებში მოღვაწე მწიგნობრების შემოქმედებითი ჯგუფები ქმნიდნენ რა ხელნაწერ წიგნებს, განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდნენ ქართული ანბანის გრაფიკულ მოხაზულობას, წიგნის შესამკობად გამოყენებულ მოხატულ ასოებსა და სხვა დეკორატიულ ელემენტებს, რომელთა მრავალფეროვნებაში მჟღავნდებოდა ცალკეული წიგნის შემქმნელის ინდივიდუალურობა.

ჩვენს რეალობაში ხელით წერის უძველესი მაღალმხატვრული ტრადიცია ნაკლებად ცნობილი და წახალისებულია. დღეს ბევრი ვერ ხვდება რაში შეიძლება გამოიყენოს დახვეწილი კალიგრაფია. მაშინ როცა, ხელით შესრულებული ნამუშევრები, როგორც ხელოვნების ნიმუშები, საკმაოდ ფასობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

დამატებით ინფორმაცია იხილეთ ბმულის სახით: http://manuscript.ge/index.php?m=83&newsid=1270