”ერთად გადარჩენილი მოქვის სახარება” 06.10.2014

მოქვის სახარების გამოფენა–პრეზენტაცია საკონსერვაციო სამუშაოებისა და საქველმოქმედო კამპანიის დასრულების შემდეგ

2014 წლის 6 ოქტომბერს, 17 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში, საკონსერვაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოქვის სახარების გამოფენა–პრეზენტაცია სახელწოდებით: „ერთად გადარჩენილი მოქვის სახარება“ გაიმართა.

სახარების ფურცლები ფართო საზოგადოებისთვის ათწლეულების მანძილზე პირველად გამოიფინა.

ოთხთავი აფხაზეთში, 1300 წელს, მოქვის ღვთისმშობილის ტაძრისთვის, დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით გადაწერილი, ეტრატზე ნუსხურით შესრულებული, მდიდრულად მოხატული და გაფორმებული უნიკალური ხელნაწერია. მასში არსებული ოქროს ფირფიტებზე მოხატული, გასხვავებული ტექნიკით შესრულებული მინიატურების, საზედაო ასოების და თავსამკაულების რაოდენობა 531 შეადგენს.

ძლიერ დაზიანებული ოთხთავის მომავალში საბოლოო განადგურების თავიდან ასაცილებლად დაიგეგმა და 2010-13 წლებში განხორციელდა პროექტი „გადავარჩინოთ მოქვის სახარება“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება: საქველმოქმედო აუქციონი, კონცერტი მარჯანიშვილის თეატრში და სხვ. სადაც ცენტრის მეგობართა საზოგადოების, ჩვენი თანამემამულეებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის თანადგომით მოხერხდა გარკვეული ფინანსების მოზიდვა ხელნაწერის დიაგნოსტიკისთვის. სწორედ ამიტომ, 2014 წელს, პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას ‘’ერთად გადარჩენილი მოქვის სახარება“ დაერქვა.

2011 წელს იუნესკოს დაფინანსებით განხორციელდა ხელნაწერის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. ამავე წლის ოქტომბერში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია სამი ევროპელი ექსპერტი და რესტავრატორი – ანდრეა ჯიოვანინი(ლუმინო, შვეიცარია), ანდრეა პატაკი-ჰუნდტ(შტუდგარტი, გერმანია) და მაგდალენე ლიდკე (კარლსრუე, გერმანია). მათ ჩაატარებულმა დიაგნოსტიკამ ცხადყო, რომ ამ უნიკალურ ძეგლზე განსაკუთრებული ზრუნვა მუდმივი პროცესი უნდა იყოს.

მდგომარეობის დადგენის შემდეგ, შემოსული თანხით შესაძლებელი გახდა დაწყებულიყო რთული, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი უნიკალური ხელნაწერის რეაბილიტაციისათვის. კვლევებით დადგინდა, რომ ხელნაწერის ფურცლების 98,4% მოითხოვდა სტაბილიზაციას. 157 მინიატურიდან კი 115-ის კონსოლიდირება იყო საჭირო. 2013 წლის თებერვალსა და ოქტომბერში პროექტის ფარგლებში ანდრეა პატაკმა, ცენტრის რესტავრაციის ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად მინიატურების კონსერვაცია მოახდინა. სამუშაოები ჩატარდა თანამედროვე მასალებისა და მეთოდების გამოყენებით.

კონსერვირებული სახარების დიგიტალური ასლი მზად არის და სამომავლოდ დაგეგმილია ფაქსიმილური ხელნაწერის გამოცემა.

განხორციელებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა უცხოელმა რესტავრატორმა ანდრეა პატაკმა და ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ. სახარება როგორც აღნიშნულია, პირველად გამოფინა და მისი დაცვის მიზნით შემდგომში ექსპონირებაც იშვიათად მოხდება.