თანამშრომლობის მემორანდუმი

11 ნოემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამშრომლობის შესახებ ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. თსუ რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა თინათინ კლდიაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანია თანამშრომლობა სამეცნიერო, სახელოვნებო და საგანმანათლებლო, ასევე მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის, კვლევისა და დაცვის სფეროებში. შეთანხმების მთავარ საგანს ქართული შრიფტის ლაბორატორიის შექმნა წარმოადგენს. ამ ეროვნული პროექტის განხორციელებისთვის მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები აერთიანებენ ძალებს, რათა გონივრულ დროში და შედეგიანად დასრულდეს საქმე, რომელიც ქართული შრიფტის, როგორც ეროვნული იდენტობის ნიშნის პროპაგანდას შეუწყობს ხელს. ლაბორატორიის მიზანია ქართული კომპიუტერული შრიფტების სრულყოფილი მრავალფეროვნების შექმნა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება კომპიუტერული საოპერაციო სისტემების აღჭურვა, საგამომცემლო საქმის, სკოლის მოსწავლეთა ესთეტიკური გარემოს გამრავალფეროვნება, ელექტრონული მთავრობის პროგრამის მხარდაჭერა, კომპიუტერული შრიფტების შემქმნელთა ახალი თაობის მომზადება, შექმნილი და განახლებული შრიფტების პატენტირება და მათზე საავტორო უფლებების მოპოვება და ამ საქმეში სამართლებრივი დახმარების გაწევა; ახალი და ტრადიციული შრიფტების მუდმივმოქმედი გამოფენის ორგანიზება, პრეზენტაციების, კონკურსების ჩატარება და სხვა ღონისძიებების გამართვა.