სარესტავრაციო სამუშაოები იშხანში (არაოფიციალური მონიტორინგი)

2013 წლის 7 აპრილს, ხარება დღეს, ოშკის ტაძრის მშენებლობის დაწყებიდან 1050 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ჯგუფი ტაო-კლარჯეთში ვიმყოფებოდით. ოშკში იუბილის შემდეგ იშხანსაც ვეწვიეთ, სადაც მძიმე ვითარება დაგვხვდა. მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოების წინა ეტაპი, კერძოდ, იატაკის დადაბლება ტაძარში, გამოთავისუფლებული მიწის მასის ჯერ გარეთ, შემდეგ კი, ტექნიკის დახმარებით – ტერიტორიის გარეთ გატანა. მიწა იყო მოჭრილი და თვითნებური არქეოლოგიური სამუშაოები ტარდებოდა ტაძრის გარეთაც. გუმბათის ქვეშ მოზრდილი თხრილი იყო გაკეთებული. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ჯგუფი 9 აპრილს დავბრუნდით თბილისში, ხოლო რამდენიმე ადამიანი, დირექტორთან ბუბა კუდავასთან ერთად, 12 აპრილის ჩათვლით ახორციელებდნენ იშხნის ტაძარში მიმდინარე სამუშაოების არაოფიციალურ მონიტორინგს. ოთხშაბათს, 17 აპრილს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძის საკონფერენციო დარბაზში ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ წარმოადგინა აღნიშნული მონიტორინგის შედეგები. მოხსენებაზე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა.