ესთერის წიგნის ძველი ქართული ვერსიები (გამოცემა, ტექსტის ისტორია)

პროექტის დასახელება: ესთერის წიგნის ძველი ქართული ვერსიები (გამოცემა, ტექსტის ისტორია)

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის.

პროექტის ხელმძღვანელი: ნათია მიროტაძე

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: 

პროექტის ფარგლებში დადგინდა ესთერის წიგნის 2 ძველი ქართული თარგმანის ტექსტის ხასიათი და წარმომავლობა: ესთერის წიგნის ოშკური ვერსია პირველი ბერძნული თარგმანის გადამუშავებით შექმნილი ტექსტუალური ფორმის, AT-ის, თარგმანია. ვარიანტთა სტატისიკური ანალიზის საფუძველზე შევძელით უფრო ზუსტად განგვესაზღვრა წყარო. ესაა ხელნაწერი 319.  ესთერის წიგნის ოშკური ვერსია AT-ის დღემდე გამოვლენილი ერთადერთი თარგმანია, რაც კიდევ უფრო ზრდის მის მნიშვნელობას და დამატებით ცნობებს გვაწვდის ბერძნული ტექსტის გავრცელების არეალისა და განვითარების კიდევ ერთი საფეხურის შესახებ. მეორ ექართული თარგმანი წარმოდგენილია ხელნაწერებში: M-1694; A-570; A-646; H-885; A-51. ამათგან M-1694 მატენადარანში დაცული ერთობ მცირე ფრაგმენტია, A-51  კი საბას ვერსიაა,რომელიც რეცენზირებულ ტექსტს წარმოადგენს. ესთრის წიგნის ეს ქართული ვერსია სეპტუაგინტას ბაზაზე შექმნილი კონტამინირებული ტექსტის თარგმანია. სეპტუაგინტას ესთერის ტექსტს ემატება ვრცელი პასაჟები A  დან და მესამე ბერძნული ტექსტიდან, რომელმაც ჩვენამდე მხოლოდ ძველი თარგმანების სახით მოაღწია და დღემდე მის ერთადერთ წყაროდ ძველი ლათინური არგმანი ითვლებოდა (ერთი მოზრდილი ეპიზოდი ესთერის ლოცვა, სომხურ თარგმანშიცაა წარმოდგენილი). გარდა ამისა, ქართულში არის კიდევ არაერთი ვრცელი მატება, რომლთა წყაროც დღეს აღარ ჩანს, თუმცა ცხადია, რომ უნდა არსებულიყო, რადგან დადასტურდა, რომ ქართულის მატებათა დიდი უმრავლესობა ბერძნულიდან მომდინარეობს. თარგმანი საკმაოდ ადრეული უნდა იყოს. ამას შემდეგი ფაქტები გვავარაუდებინებს.  ქართულს საერთო კითხვისები აქვს სინაიტიკუსის (S) კორექტურამდელ ვარიანტებთან, ჩესტერბითის პაპირუსთან (967)და a-თი აღნიშნულ ტექსტუალურ ჯგუფთან. თანაც ტექსტის თარგმანი მანამ უნდა განხორციელებულიყო, სანამ მე-3 ბერძნული ტექსტი დაიკარგებოდა. ამავეს გვავარაუდებინებს ქართული თარგმანის ლექსიკა და თარგმანის ტექნიკა. მაშასადამე,  ქართული თარგმანი უმნიშვნელოვანესი წყაროა ესთერის წიგნის ბერძნული ტექსტის ისტორიის შესასწავლად. მას ესთერის წიგნის ისეთი სახე შემოუნახავს, რომელიც ბერძნულში დაკარგულია. ქართული საკმაოდ მნიშვნელოვანი წყაროა მესამე ბერძნული ტექსტისთვის; ქართული თარგმანი მრავლად შეიცავს ისეთ მასალასაც, რაც დღეს არც ერთ წყაროში აღარ არსებობს.