შემოწირულობები

ბოლო წლებში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შემოვიდა ახალი ხელნაწერები და საარქივო მასალა – ისტორიული დოკუმენტები, ხელნაწერი წიგნები, ცნობილ მეცნიერთა, საზოგადო მოღვაწეთა, მწერალთა და სასულიერო პირთა პირადი არქივები,  ძველნაბეჭდი წიგნები და ფრაგმენტები:

ისტორიული დოკუმენტები

 

XIX საუკუნის ისტორიული დოკუმენტები (სასამართლო განჩინებები) დარეჯან მეგრელაძის არქივიდან; არქივი საჩუქრად გადაეცა ცენტრს;

ნასყიდობის საბუთი, შედგენილი ქართულ და რუსულ ენებზე, დათარიღებული 1807 წლით;

თეიმურაზ პირველის წერილი რუსეთის მეფის მიხეილ ფეოდორის ძე რომანოვისადმი, რომელშიც თეიმურაზი დახმარებას სთხოვს რუსეთის მეფეს სპარსელებისა და თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში. წერილი დათარიღებულია1639 წლით; შედგენილია ბერძნულ ენაზე, ერთვის ქართველი მეფის ხელმოწერა და სახელმწიფო ბეჭედი (ამონაწერი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივიდან; ამონაწერის გაკეთების თარიღი უცნობია);

ხელნაწერები

 

ხელნაწერი „საფილაფოსო სწავლებისა და მეცნიერების შესახებ“  (1846 წ.) (შემომწირველი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი ნათია ხიზანიშვილი);

XIX საუკუნის ლოცვანი (გრაგნილი);

კალიგრაფ ეკატერინე ვარდოსანიძის მიერ გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“ (გადამწერის ოჯახმა საჩუქრად გადასცა ცენტრს);

საარქივო მასალა

 

სოლომონ ყუბანეიშვილის პირადი არქივი, რომელიც ცენტრს გადასცა მისმა შვილმა არჩილ ყუბანეიშვილმა;

ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ხელოვნების ისტორიკოსის ვახტანგ ჯობაძის საარქივო მასალები (შემომწირველი ზურაბ ფოცხიშვილი);

კონსტანტინე გამსახურდიას საარქივო მასალები;  ცენტრს საჩუქრად გადასცა მწერლის შვილიშვილმა შორენა ახობაძემ;

იონა მეუნარგიას ხელით ნაწერი დღიური, რომელიც აკაკი ჭანტურიას პირად არქივში იყო დაცული. არიანე ჭანტურიას სურვილის თანახმად, გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ იგი საჩუქრად გადაეცა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს;

მოსე ჯანაშვილის მოგონებები (დღიური), რომელიც ცენტრს შემოსწირა ოთარ ჯაფარიძემ;

პირველი ქისტი ეთნოლოგისა და მწერლის მათე ომანის ძე ალბუთაშვილის ხელნაწერი თხზულება „პანკისის ხეობის აღწერა“ (გიორგი ჯავახიშვილის პირადი ფონდიდან);

კათოლოკოს პატრიარქების კალისტრატე ცინცაძისა და მელქისედეკ ფხალაძის მიმოწერის ამსახველი საარქივო მასალა; კალისტრატე ცინცაძის საკანდიდატო ნაშრომი „ივერიის ეკლესია სასანიდების პერიოდში (265-576 წწ.)“  (ნაბეჭდი სახით); საარქივო მასალა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრს გადასცა ხარკოვის საულიერო სემინარიის პრორექტორმა   მაქსიმ ტალალაიმ;

კალისტრატე ცინცაძის ნაქონი ფსალმუნი (შემომწირველი თამარ მესხი);

კალისტრატე ცინცაძის მოგონებები (ორიგინალი); პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის პირადი არქივი ხელნაწერთა ინსტიტუტს გადაეცა 1965 წელს ორ წყებად პატრიარქის შვილის – მელიტა კალისტრატეს ასულ ხუციშვილისაგან. პატრიარქის მოგონებების მანქანაზე აკრეფილი ვერსია 2 წლით ადრე, ცალკე ერთეულად არის შემოსული საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკიდან (აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ასეთი შინაარსის გრიფით: „შეიძლება წასაკითხად გაიცეს მხოლოდ ჩემი ნებართვით (ან ჩემი მოადგილისა). 28. XII. 46. ს. ჯანაშია“.  დათარიღებულია 1946 წლით),  თუმცა ძირითად არქივში ინახება ამ მოგონებების დედანი (საარქივო ერთეული №107). დედანი ავტოგრაფია, შედგება 386 გვერდისაგან; ასევე, ავტოგრაფია ზემოთ აღნიშნული მოგონებები რუსულ ენაზე.

ნიკო ბერძენიშვილის წერილი ბორჯომის რაიკომის მდივნის მუჯირისადმი ქვაბისხევის ეკლესიის მანამდე უცნობი მოხატულობის შესახებ მისი შემსწავლელი ჯგუფისათვის (მხატვარი და მეცნიერი თანამშრომელი) დახმარების თხოვნით (შემომწირველი მიხეილ ქავთარია);

მწერალ თამაზ ჩხენკელის პირად არქივში დაცული ხელნაწერი ალამნახის „პატარა ეჟვანის“  7  ნომერი (ავტორები: თამაზ ჩხენკელი, რამაზ პატარიძე, რევაზ თვარაძე, ლუკა ხუნდაძე, ზურაბ კაკაბაძე, რეზო თაბუკაშვილი, არჩილ სულაკაური და სხვები). ალმანახი ცენტრს შემოსწირა თამაზ ჩხენკელის ქალიშვილმა გვანცა ჩხენკელმა;

პროფ. ზაზა აბზიანიძემ ცენტრს საჩუქრად გადასცა ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილის, პროფ. რუსუდან ნიკოლაძის დღიურები (ოთხი ხელნაწერი რვეული);

ძველნაბეჭდი წიგნები

 

კონსტანტინოპოლში ქართველ კათოლიკეთათვის 1877 წელს დაბეჭდილი კრებული „წალკოტი ლოცვათა“, შეძენილი სტამბოლის სიძველეთა  ბაზრობაზე, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საჩუქრად გადასაცა მეგობართა საზოგადოების წევრმა რამაზ ობოლაძემ;

 „ჟამნის“ სასტამბო ამონაბეჭდის რამდენიმე ფურცელი (ნუსხური), რომელიც ცენტრს შემოსწირა ნინო ნატროშვილმა;

“ტრიოდიონი”, გამოცემული 1864 წელს; პუბლიკაცია ცენტრს გადასცა ლევან გოგოხიამ.